სარეკლამო SMS-ების მარკეტინგის წესის დარღვევა.

2017-03-19 19:28:42

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა 2016 წლის განმავლობაში სარეკლამო SMS-ების მარკეტინგის წესის დარღვევისთვის 27 ორგანიზაცია დააჯარიმა. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით ინსპექტორს 2016 წელს 48 მოქალაქემ მიმართა. აქედან, დარღვევის 30 შემთხვევა გამოვლინდა, 27 შემთხვევაში ორგანიზაციას ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 3 შემთხვევაში სანქციის შეფარდება კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხდა.

„გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა შეეხებოდა სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით განხორციელებულ სარეკლამო შეთავაზებებზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობას ან მათი ხარვეზებით ფუნქციონირებას. კომპანიები, რომლებიც საქონელსა თუ მომსახურებას სატელეფონო ზარების მეშვეობით სთავაზობდნენ მოქალაქეებს, არ აწვდიდნენ ინფორმაციას მისი უფლების შესახებ, რომ შეუძლიათ მოითხოვონ მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა“- აღნიშნულია ანგარიშში. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, არაერთ კომპანიას დაევალა, სატელეფონო ზარის საშუალებით სუბიექტის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე.