"ეფიქს ბიზნეს გრუპის" მფლობელები დააკავეს [video]

2018-08-21 14:43:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მფლობელები დააკავა. დაკავებულები მოქალაქეებს ატყუებდნენ და მათ შეტანილ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ. საბროკერო კომპანიის დამფუძნებელების დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგზე განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურასთან ერთად 5 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხის მოგებაში დაეხმარებოდა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგ ხელოვნური მანიპულაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზია არ ჰქონოდათ. ამ გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს. დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებაში. გამოძიების პროცესში, შესაძლოა, დაზარალებულების რაოდენობა გაიზარდოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 284-ე და 86-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ ნახეთ ვიდეო