არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენეს

2018-03-20 20:43:50

ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წითელმა ჯვარმა ერგნეთში გადმოასვენა, ადგილზე გადმოსვენებას ელოდნენ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობლები და ჟურნალისტები. ერგნეთში იმყოფებიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი. არსებული ინფორმაციით ე.წ. ცხინვალის პროკურორმა წითელ ჯვარს ცხედრის ექსპერტიზის პასუხებიც გადასცა. არსებული ინფორმაციით ოჯახს ცხედართან ერთად არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომობილსაც გადასცემენ.

არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდება რის შემდეგაც ოჯახს გადასცემენ.

შეგახსენებთ რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა, ადგილი ჰქონდა წამებას რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ქუტაშვილი და პავლიაშვილი კი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.