დევნილებს იპოთეკურ სესხს დაუფარავენ

2018-02-06 11:35:32

სახელმწიფო 100 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხის დაუფარვაში დაეხმარება.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლევან ტერაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებას იმ დევნილ ოჯახებზე გასცემს, რომელთაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს.

"უნდა ჰქონდეთ საბანკო ხელშეკრულება, სადაც ჩანს, რომ ნამდვილად დევნილმა აიღო სესხი, რათა შეეძინა ერთადერთი საცხოვრებელი ბინა" - აღნიშნა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ლევან ტერაშვილმა.

ტერაშვილის ინფორმაციით, იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარია. ოჯახების შერჩევისას კი მნიშვნელობა მიენიჭება მათდამი მინიჭებულ ქულებს, რომლებიც სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

იპოთეკურის სესხის დაფარვისთვის დევნილებმა განცხადება 12 თებერვლამდე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უნდა წარადგინონ. დევნილთათვის იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე