რამდენად უსაფრთხოა ხორცი, რომელიც მაღაზიებში იყიდება

2017-06-23 19:08:52

ამერიკა  ბრაზილიური ძროხის ხორცის იმპორტს კრძალავს. უცხოური მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დააანონსა, რომ  სამხრეთ ამერიკიდან გაუყინავი ძროხის ახალი ხორცის იმპორტი აიკრძალება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შემოწმების შედეგად ხორცში გარკვეული დარღვევები აღმოჩნდა სანიტარული და ჰიგიენური მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური ხორცის იმპორტი მიმდინარე წელს ასევე ევროკავშირმა, ჩინეთმა, მექსიკამ, იაპონიამ და ჩილემ აკრძალა.

ბრაზილიური ხორცი საქართველოშიც შემოდის და ქართულ ბაზარზე იყიდება, მათ შორის რუსთავის სავაჭრო ობიექტებშიც.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ასეთი ტიპის საქონელის შემოტანისას სავალდებულოა შესაბამისი ჯანმრთელობის სერთიფიკატის წარდგენა, სადაც მითითებულია პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიიდან ხორცპროდუქტის შემოტანა  მხოლოდ იმ საწარმოებიდან ხდება, რომლებსაც აუცილებელი პირობა აქვთ ანუ აღიარებული არიან ევროკომისიის მიერ.
სტატისტიკის თანახმად, ბრაზილიიდან შემოტანილი ხორცის 20 %-ის შემოწმებისას, დაახლოებით 50 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში დაფიქსირდა მასში სალმონელას (ბაქტერიული დაავადების) არსებობა.
ამ დროისთვის ქვეყანაში სპეციალური რეჟიმია ამოქმედებული, რომლის თანახმადაც ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ყველა პარტია (100% ) მოწმდება.