უსაფრთხოა თუ არა "ჩემპიონის" შაურმა

2018-02-22 21:29:22

საშაურმე "ჩემპიონის" პროდუქციაში ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერებები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.

ლიპარტელიანის თქმით, კვლევის შედეგების თანახმად, როგორც პროდუქტში, ისე ობიექტში დარღვევები არ გამოვლენილა - "კვლევის შედეგებით, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები არ  აღმოჩნდა, პერსონალიც გამოიკვლიეს და დარღვევა არ გამოვლინდა." - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, კვების ობიექტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამ ეტაპისთვის "ჩემპიონის" მუშაობა გაჩერებულია, რადგან მეპატრონე ეროვნული სააგენტოს ზოგადი მითითებების შესაბამისად დეზინფექციას ატარებს. კვების ობიექტი მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ექვსმა მოზარდმა კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო, როგორც ისინი აღნიშნავდნენ მათ შაურმა თოდრიას ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში მიირთვეს.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე