შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2018-01-18 23:37:34

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალეკო კობაიძე აცხადებს რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წაუყენეს და მან რამდენიმე საათიანია დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველო დატოვა. ადვოკატის თქმით მათ პოლიციაში წარადგინეს ალიბი და ასევე სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დაკავებული გაათავისუფლეს. შენობიდან გამოსულმა, გიორგი ჭანტურიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. საკითხთან დაკავშირებით შსს - "სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის."

შეგახსენებთ რომ გიორგი ჭანტურია 2 დღის წინ დააკავეს და მას მკვლელობასთან კავშირს და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება-შენახვას ედავებოდნენ. ე.წ. სტამბულის ბაზრის ერთერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს.