რა ზიანი მიაყენა ძლიერმა სეტყვამ რუსთავს

2017-06-10 20:29:04

რუსთავში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში სეტყვა დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. ჯერ–ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა სახის ზარალი მიადგა ქალაქს, თუმცა არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ფალიაშვილის, მეგობრობის, მესხიშვილის, თბილისის, ცურტაველის ქუჩებზე, ასევე ცენტრალურ ხიდსა და მე–12, მე–19 მიკრორიონებში. სეტყვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ათეული მანქანა და კორპუსების სახურავები. ამ დროისთვის სხვადასხვა მისამართზე შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, ქალაქს სეტყვის შედეგად გარკვეული ზიანი მიადგა - "დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო ეს სეტყვა, მაღალი ნალექით, რაც ინფორმაცია მქონდა რამდენიმე ადგილზე დადგა წყალი და ავტომატურად მოხდა ჭების მოხსნა და წყლის გატარება, ზოგადად საინაღვრე სისიტემებმა, რომლებიც 2015 წელს დამონტაჟდა, ძალიან კარგად იმუშავა და ფაქტობრივად ქალაქში სადაც რთული წერტილები იყო, წყალი არ შემოსულა, მათ შორის არც იაღლუჯიდან. ცხელ ხაზზე შემოვა ინფორმაცია დღეს და ხვალ უკვე გვეცოდინება სახურავების მიმართულებით სადმე თუ გვაქვს ზარალი და როგორია სიტუაცია, სავარაუდოდ, მანქანები დაზიანდებოდა, რამდენიმე მანქანას, რაც მაქვს ინფორმაცია საქარე მინები დაუზიანდა". მერის ინფორმაციით, სეტყვისგან გამოწვეული ზარალის შესახებ სრული ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.